Tuesday, January 28, 2014

...

5-6 წლის  ვიყავი აფაზეთის ომი რომ დაიწყო
დაიწყო და არ დამთავრდა..
ნუ მაშინ ასე მეგონა,
პრინციპში ახლაც...
ჰხო, 5-6 წლის ვიყავი  და ერთ დღეს ტელევზორში, მორიგი საომარი კადრების ყურებისას, ერთ ჩემი ასაკის გოგოს მოვკარი თვალი...
თხელი ქურთუკით მობუზული იდგა ტყეში, ყინავდა და თავზე ათოვდა...
5-6 წლის ვიყავი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ იმ ტყიდან, იმ ყინვასა და იმ თოვლში ბევრი ცოცხალი ვეღარ გამოდიოდა...
ანუ შესაძლოა, გოგონა, რომელიც ჩემხელა იყო და ძალიან მგავდა ( რატომღაც ასე ვიფიქრე) , ვერ გადარჩენილიყო ...
იმ ღამეს ადრე დავწექი, კედლისკენ გადავბრუნდი, საბანი გადავიფარე და დავიწყე ფიქრი, სახელწოდებით  : " როგორ უნდა გადარჩე"...
ჰხოდა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩემს ფიქრებს ერთი თავისებურება ახასიათებს, ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და უცბაშად აღმოვაჩენ, რომ კი არ ვფიქრობ, ვოცნებობ... ჰხო, რაღაც შუალედური ფიქრსა და ოცნებას შორის ...
მაშინაც ასე მოხდა, დავიწყე ფიქროცნება: ვითომ მე ვარ ის გოგო, თხელი ქურთუკით, ტყეში, ცივა და ყინავს და თავზე მათოვს..
როგორ უნდა გადავრჩე,
 როგორ როგორ როგორ...
და მოვიფიქრე....
თმები უნდა შემოვიხვიო სახეზე, რომ არ მომეყინოსმეთქი..,
ვიფიქრე და გადავრჩი ჩემს ფიქრ-ოცნებაში
რა გასაკვირია
სულ რაღაც 5-6 წლის ვიყავი....

მერე იყო და მიწისძვრა მოხდა
სკოლაში მივდიოდი და არ გამიშვეს, შეეშინდათ სკოლა თავზე არ დამხობოდა...
ღამე მაღვიძებდნენ და ეზოში მიმარბენინებდნენ...
მახსოვს, მიკვირდა, რატომ შესცქეროდა ყველა ცას მაშინ, როცა მიწა იძროდა, ცა კი არა,....

ჰხოდა მაშინ გავაგრძელე ჩემი თამაში: როგორ უნდა გადავრჩე...
ვთქვათ, ჩვენი საყვარელი სახლი თავზე ჩამოგვენგრა
ვთქვათ, ტყეში გავიხიზნეთ საცხოვრებლად...
ვთქვათ, ცუდი ამინდია და ჩვენ არაფერი გაგვაჩნია, რომ თავი შევაფაროთ...
როგორ უნდა გადავრჩეთ...
მაშინაც ვიფიქრე, ვიფიქრე, ვიფიქრე და
ჩემმა ფიქრებმა ისევ ოცნება შვა,
ოცნებამ კი ტყეში გამოქვაბული,
რომელშიც შევედი და გადავრჩი
მეც
და
მთელი ჩემი ოჯახიც...

მერე წლები გადიოდა და საფიქრალ - გადასარჩენი ისტორიებიც უფრო და უფრო მოხშირდა
როგორ  უნდა "გადავრჩე" თუ მასწავლებელმა ის გაკვეთილი მკითხა, რომელიც არ ვიცი
როგორ უნდა "გადავრჩე" თუ გამოცდაზე ის საკითხი შემხვდა, რომელიც არ მისწავლია
როგორ უნდა "გადავრჩე" თუ სამსახური ვერ ვიშოვე
როგორ უნდა "გადავრჩე" თუ ლაშქრობისას ხრამში გადავიჩეხე
როგორ უნდა "გადავრჩე"
როგორ
როგორ
როგორ
და თითქმის ყველა დაბრკოლება შემომეფიქრშემომეოცნება
და
თითქმის ყველა გასაჭირს  გადავურჩი
ყველა შემთხვევიდან ვიპოვნე გამოსავალი....

და ახლა ვზივარ და ვფიქრობ,
რომ
მთავარი გამომრჩა...
მთავარი დამავიწყდა....

როგორ უნდა გადავრჩე მაშინ, როცა საფრთხე არსაიდანაა
როგორ უნდა გადავრჩე მაშინ, როცა არაფერი მემუქრება
როგორ უნდა გადავრჩე მაშინ, როცა გადარჩენილი ვარ

როგორ გადავურჩე ჩვეულებრივ, დინჯ, დუნე ცხოვრებას
როგორ
როგორ
როგორ....



No comments: