Thursday, December 25, 2008

ქმრების საკითხავი


მერე რა, რომ ამ ლექსს ”ქმრების საკითხავი” ჰქვია

და

თან ჩემი დაწერილი არაა...

მერე რა.......





შემომეგრძნობა




ამ გამოშიგნულ ვაგონებში ცხოვრობენ გზები ბალახმოვლილი 
და უიმედოდ დავიწყებული. 
რუხი ბალახი-ასე ჰქვია მერძევე მოხუცს, კარდაკარ ყველს რომ 
დაატარებს და გარდაცვლილთა ამბებს გვიყვება. 
მისი თვალები მინდვრის ცისფერი ყვავილებია 
ჩემს სასკოლო ჰერბარიუმში. 
მისი ტუჩები კარადაზე ჩამომხრჩვალი ვაშლის ჩირია 
და მაყვლის ბუჩქთან აბუზული ბეღურებია მისი სიტყვები 

ის ამბობს 
თითქოს გვქონდეს გული 
და ეს გული გრძნობდეს სიყვარულს, 

თითქოს გვყავდეს ღმერთი, რომელიც 
ხედავს ნასვრეტებს ჩვენს ყველივით ქათქათა გულზე, 
თითქოს ვგრძნობდეთ ბავშვობას, როგორც 
ძირგახვრეტილ ჩექმებს წვიმაში. 

“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი როცა მოკვდებით”- 
იტყვის და თვალებს გააპარებს შენობებისკენ, 
რომლებშიც კედლებს ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც 
ადამიანს სიცოცხლის შემდეგ... 

“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, როცა მოკვდებით, 
თქვენი კეთილი ფანჯრები და სავარძლები, როცა მოკვდებით, 
ეს თქვენითსავსე ოთახები, როცა მოკვდებით, 
როცა ამ ჭერქვეშ ვერ შემოხვალთ.. 


გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი? 
იმ დილით ახალგაღვიძებულებმა კარი რომ შეაღეთ, 
მან კი გთხოვათ, 
ნუ შემოხვალთ, ბებო მოკვდაო, 
გარეთ თოვდა 
და დაორთქლილი შუშიდან დაინახეთ 
ეზოში 
საადრეო ვაშლის ადგილას პერანგისამარა იდგა ბებო 
და ბავშვივით ფეხისწვერებზე წამოწეული 
ცდილობდა შეეხედა ოთახში, სადაც 
დედა ტიროდა. 
თქვენ კი ფიქრობდით თოვლზე, რომელიც 
როგორც იქნა მოვიდა 
და ბებოზე, 
რომელმაც ყველას დაგასწროთ ადგომა 
და ფეხშიშველი გავიდა თოვლში 
ხელისგულზე ფანტელების შესაგროვებლად. 
სიკვდილიც მაშინ ეს გეგონათ: 
როცა ფანტელები ხელისგულზე აღარ დნებიან

მერე გამოანათა მზემ და მოვიდნენ 
ახლობლები, მეზობლები და ნათესავები 
და თითოეულმა საკუთარი წილი სიკვდილი წაიღო თქვენგან, 
წაიღეს, მაგრამ არცერთს სახლამდეც არ მიჰყოლია, 
სახლი კი უფრო დაცარიელდა, 
არც ბებო იყო, აღარც სიკვდილი და აღარც თოვლი.... 

გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი? 
მატარებლით გაემგზავრეთ უცხო ქალაქში, 
ფანჯრებიდან ისევ ნაცნობი ცა მოჩანდა, 
დედიკოც ისევ ახლოს იყო 
და თქვენ შეგეძლოთ მის კალთაში დიდხანს გეთვლიმათ. 

გახსოვთ ის კაცი, ტამბურში ასტრას რომ ეწეოდა, 
თან ისე მძიმედ ახველებდა, იფიქრებდი 
ნახველს გულსაც ამოაყოლებსო. 
გახსოვთ, მისი რუხი პალტო, 
ჟღალი თმები და სისხლისფერი წყლიანი თვალები? 
გახსოვთ ის კაცი, მაშინ შეშლილი რომ გეგონათ- 
ახლა მკვდარია. 
ის შუაღამით თქვენს კუპეში შემოეხეტა 
და იღრიალა: 


”ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან 
და ვერ მიხვდებით საითკენ მიდის 
ეს გზა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია 
და ეს სიკვდილი, რომელსაც ჭყინტი 
ყველის ყიდვისას დუმილით გამცნობს 
მერძევე კარის ზარზე რომ რეკავს, 
ის ყიდის კარაქს ყველსა და მაწონს 
და ნაცვლად წარსულს ყიდულობს შენგან. 

მე კი ვიყიდე ერთხელ სიბერე, 
რაც რამ მებადა გავყიდე და შუა ომში უწვერული ყმაწვილებისგან 
ნაოჭები და სევდა ვიყიდე, 
გულგრლობა და სიკვდილის შიში ვიყიდე 

და შემდეგ უკვე მათ საფლავთან მქონდა ცრემლები 
და წუთიწუზე ამოსაყვანი ყველივით თბილი სიტყვებიც, 
მათი კანივით ქორფა ვარდებიც 
და შეძენილი გულგრილობაც 
და მაშინ მითხრა სასაფლაოზე მოხეტიალე ათი წლის ბიჭმა: 
“დილით როდესაც მეძინა დედამ 
მერცხალი ხარო, ასე თქვა ძია, 
მე კი თქვენს გამშრალ თვალებში ვხედავ, 
რომ მეც მოვკვდები ადრე თუ გვიან 
და ვერ მივხვდები საითკენ მიდის 
ეს გზა, რომელსაც სიკვდილი ჰქვია 
და ეს სიცოცხლე, რომელსაც ჭყინტი 
ყველის გემო აქვს და მაწვნის სუნი 
ღამღამობით რომ მაჭმევენ ძალით 
და ჭამის შემდეგ მერევა გული 
და ვარწყევ როგორც ფეხმძიმე ქალი 
მთელს დედის რძეზე ნაყიდ ბავშვობას” 
ჰოო დედათქვენი ახლა შორსაა, 
ცოცხალია და რძისფერ ღრუბლებში დაფარფატებს 
რძისფერი ფრთებით, 
მამათქვენი კი ჩააძაღლეს....... 
ისინი მიხვდნენ და ჩააძაღლეს, 
მიხვდნენ – ჰო, მიხვდნენ თუ ვინც იყო, 
რომ თქვენს მამობას იბრალებდა 
და სააღდგომო ღორივით დაკლეს 
მდინარის პირას, რომელსაც ჰქვია: 
ჩვენთან არს ღმერთი... 

თქვენ კი ზღვისპირას უნდა იცხოვროთ 
და უნდა ჭამოთ თაფლი და თევზი, 
ესაა მამის ბოლო სურვილი, 
ესაა მამის ბოლო ლექსი: 

“სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა და გეკითხები, 
ცოცხლებს შორის განა იცნობ ვინმე ისეთს, ამ თვისებაში ეჭვს 
რომ შეიტანს, 
შენი ქმარი ვარ და ყოველდილით ამ სიზმრებისგან დაცლილ 
ზეცას, ამ სიხარულს და ამ ქალაქს ვიწყებ შენიდან. 
და ამ უკვდავი ღმერთითა და მოკვდავი ძმებით 
გულისრევამდე ბედნიერი ვარ, 
ვერ გავრკვეულვარ ღვთის სიძულვილს 
თუ თქვენს სიყვარულს გამოვხატავ, როცა ხეიბარ 
სიტყვებს ვაგროვებ ლოცვისათვის და როცა ღამით 
შენთან წოლის ვითხოვ უფლებას 
და ვისმენ ეჭვი გულის ბნელი სარდაფებიდან 
ნესტიანი ხმით მესაუბრება, 
რათა მეასედ დამარწმუნოს, რომ ყველა ქმარი მოკვდავია 
და სიკვდილიდან რომ ვარ მოსული, 
რაც თავი მახსოვს ცოცხალი ვარ-რა ვუპასუხო – 
შემრთეს ქალი, რომელიც მიყვარს და ის არის სხვისგან ორსული..... 
და ბნელ ოთახში ატუზული, იღლიის ქვეშ ცოლის დაკარგვის 
შიშის ლაქას ვეხები, როგორც ნიშნობის ბეჭედს, 
მაგრამ ის მაინც ყოველღამით სხვასთან მიდის 
და მთვარის შუქზე წმინდანივით მიარხევს ბეჭებს, 
ხოლო მე ისიც აღარ ვიცი, რა უნდა ვიგრძნო, სად მტკიოდეს, 
უბრალოდ ვზივარ, ვეწევი და ვხედავ ფანჯრიდან 
კუპრისფერი ზღვა როგორ რიყავს მეომართა წაშლილ გვამებს, 
მესმის დაჭრილთა 
მიწისფერი ხროტინი და შენ გეკითხები, რისთვის დაჭირდა 
უფალს ამდენი ბედნიერი, ამდენი მოწმე მისი ღრეობის, 
მე ხომ არაფერს, არაფერს არ დავიშურებდი, რომ ერთხელ მაინც, 
ერთხელ მაინც გადავხვეოდი 
მათ, ვისი ხსოვნაც გადააქციეს საფლავის ჯვრებად, 
მარმარილოდ, ანდა გრანიტად, 
რათა სიცოცხლე, როგორც უბნის ბებიაქალი დახმარებოდათ 
გამოძრომაში სიკვდილის თბილი ჭუჭრუტანიდან 
და შეეყვარათ ისე, როგორც მიყვარხარ ახლა, 
ყველაზე შორი, ყველაზე უცხო 
და რაც ამ გრძნობას სიხარული და ცრემლი ახლავს 
ამ გულის გარდა არავინ უწყის. 

სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა 
და ვიწყებ ისევ შენი შვილიდან. 
ის ღმერთი როა, აშკარაა და მოდის რათა გადაღლილი და 
დამძიმებული, დაკოჟრილი ხელისგულები შემოვავლო 
სიყვარულს, როგორც ანთებულ სანთელს. 
ის ბავშვია და უფროსებმა, როგორც ბავშვური საიდუმლო 
სიცოცხლე ანდეს 

და სიზმრად როცა შენს მუცელზე ყურმიდებული 
ვისმენ მის ყოფნას, ვრწმუნდები რომ ადამიანთა 
ყველა ღიმილი და ყველა ცრემლი 
ამ ცეროდენა მფეთქავ გულში გაერთიანდა. 
რომ შენ იცოცხლებ უსიკვდილოდ, მე კი მომკლავენ 
როგორც მოკლეს ქმრები ჩემამდე და ახლა ნებსით 
თუ უნებლიეთ შუაღამით თავდახრილი ვდგავარ ზღვასთან 
და საკუთარ თავს დავეძებ მკვდრებში, 
რომ მივასვენო მამის სახლში, რომელშიც კედლებს 
ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც ადამიანს 
სიცოცხლის შემდეგ. 
რომელშიც სკამებს კუბოს ირგვლივ ალაგებენ და 
ფერად-ფერად 
ყვავილებში მჯდომ ორ წინაპარს, 
მშობელთა კვდომას რომ შეესწრნენ 
და ვერაფრით წარმოედგინათ ჩემი სიკვდილი, 
ალბათ უფრო ამიტომ ჯერათ 
რომ აღარა ვარ და ცივ ნუგეშად იტოვებენ მტვრიან ფარაჯას, 
მაისურს და თიხიან ჩექმებს, 
ჩარჩოში სვამენ ძველ ფოტოებს, ჭერს ღებავენ და 
კედლებზე ქაღალდს აკრავენ, ეგებ 
ოთახის ძვლებმა მათზე უკეთ შეინახონ ჩემი სიცოცხლის 
ნაფლეთები რუხ ბათქაშზე ნესტად რომ რჩება, 
საფლავს ჯებირებს უშენებენ, რომ დავიწყებამ არ დატბოროს 
და ყოველწლიურ სერობებზე სანთელივით უნთებენ ხელფასს 
გარდაცვლილის სულს, შენ კი ცოცხლობ რათა გიყვარდეს 
ყველა, ვინც შენში ჩემი ცოლი ვერ დაინახა, 
ყველა ვინც მომკლა, ან ვერ მომკლა, 
ვინც ვერ დამთმო დავიწყებისთვის და ვინც კინაღამ 
ღმერთად მომნათლა...…” 

თქვენთვის არავის უთხოვია ბუნებრივი სიკვდილით მოკვდითო 
თქვენთვის არავინ გაიმეტა ნაოჭები სიბერე ან ჭაღარა 

როცა სიძულვილს აუდუღარ რძესავით გასმევდნენ 
როცა შიშისპირა ქალაქში გზრდიდნენ 

ისინი იდგნენ თავდახრილნი თქვენს ლოგინთან 
და გიმღეროდნენ ნაზის ხმით 

დაიძინე 
მე გაგზავნი როგორც მგელს ცხვრის ფარაში 
დაიძინე 
მე გასწავლი სხვისი სიკვდილით გახარებას 
და კვლისპირა ქალაქში გზრდიდნენ 

თქვენ კი გინდოდათ ყოფილიყავით 
მამათქვენზე სულ ცოტა უფრო ბედნიერი 

გყოლოდათ ცოლი თეძოების ნაზი რხევით გაძლებასა და 
სიკვდილს რომ გასწავლიდათ 
გესუნთქათ მისი მკერდიდან გადმოღვრილი რძისფერი ღამეები 
მაგრამ სიძვისპირა ქალაქში გზრდიდნენ 

ისინი მუდამ უკითხავად შემოდიოდნენ 
და ბოლთას ცემდნენ თქვენს სიზმრებში 
ღვთისსიყვარულს გირევდნენ პურში ღვარძლივით 
ღვთისკენლოცვებს აშრიალებდნენ ზურგზე ფრთებად 
და ღვთისპირა ქალაქში გზრდიდნენ 
ღვთისპირა ქალაქში” 


2. 
“სადღაც იპოვეს უფროსებმა შავ-თეთრი დროშა 
და გასაფერადებელი ალბომივით 
გვაჩუქეს ბავშვებს” 

ჩვენ კი გავიხსენეთ ისტორიის სახელმძღვანელო 
და სკოლაში დაზეპირებული ლექსები 
და ყოველ შემხვედრს ცხვირწინ ვუფრიალებდით 
სამშობლოს სიყვარულს 
მოკვდავ მეზობელს ნაჭრის ბურთივით ვტენიდით პირში 
ჩვენს უმიზეზო უკვდავებას 
და ნესტიანი სანგრებისაკენ მივათრევდით დასაღვრელ სისხლს 
საგმირო სხეულებით 

მე მახსოვს შენი სისხლი 
მოედანზე როცა მუხლი გადაიტყავე 
სკოლის ექთანმა იოდით მოგბანა ჭრილობა და 
გაოფლილ შუბლთან გიშრისფერი თმა ხელისგულით გადაგიწია 
ეს რა მტირალა ყოფილხარო ჩაგიცინა 
და მამაჩვენს სამსახურში გადაურეკა 
მამამ კინოში წაგვიყვანა და ვნახეთ ფილმი ომზე 
წლების შემდეგ კი ერთმანეთი წავიყვანეთ ომში 
როგორც კინოში 

მე მახსოვს შენი სისხლი 
თბილ ხნულში შავი ღივებივით რომ მოჩანდა 
სისხლიც როგორ გაგშავებია-მეთქი გავიფიქრე 
ვიდრე ზურგზე მოგიკიდებდი უკვე ცივს და სიკვდილგაჟღენთილს 
შენ კი საბოლოო უსასრულო სიზმარს ხედავდი 


“მე მინახავს მწვანე მოლზე შინდისფერი თბილი ლაქები 
ეს არ იყო ჩვენი დროშის ნაგლეჯები 
ეს იყო აბზაცები მეგობრების საბოლოო სიზმრებიდან” 

ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ 
ერთი აბზაციც ვერ შევცვალე შენს სიკვდილში 
ერთი მძიმეც ვერ წავშალე 
ერთი პატარა მწვანე მორჩიც ვერ გადმოვრგე ჩემი გულიდან 
ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ 
ვისაც ღიმილი შევუთვალე ცრემლი მაუწყა 
ვისთვისაც ცრემლი გავიმეტე ყველა მკვდარია 
მე კი უმიზნოდ უნდა ვსუნთქავდე გაზაფხულს წლიდან წლამდე 


ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ 
ყოველ დილით პურს ვყიდულობ მაღაზიაში 
მივირთმევ ვახშამს 
ვიღებ ხელფასს 
და გულს ვინახავ სიყვარულისთვის 
ჩემს შიშველ ზურგთან ბევრი იწვა 
და მკერდიც უკვე სხვისი ვნებებით მაქვს გაჯირჯული 
ოცნებებს კი ისე ვაფურთხე გამვლელები მესალმებიან 
დარბაისელი კაციაო ასე ამბობენ 

“სამშობიარო სადაც დავიბადე 
დაბომბვის დროს დაინგრა 
როგორ აღარ ვიფიქრო სიკვდილზე” 


ვინ დავაჯერო რომ გაქრობის არ მეშინია 
როცა შიშები ქინქლებივით ეხვევიან 
ჩემს ლამპასავით მბჟუტავ სიცოცხლეს 
როცა იმედი საგულედან ხურდა ფულივით ამომაცალეს 
როცა ლექსებს ფესვებივით ვიწვდი მიწისკენ 
მიწისკენ სადაც თქვენ მეგულებით 
და შემორჩენილ სიხარულებს შემოდგომის ფოთლებივით ვაშრიალებ 


3. 
ვის ვუმღერო ჩემი გათოშილი გული 
ვის ავუნთო ჩემი დავიწყებული ლოცვა 
ვისკენ გავახილო ჩემი თვალდათხრილი ქალაქი 

მე უფლება მაქვს ვიყო ერთ-ერთი 
მივითრევდე 
კორპუსების ტეხილ კონტურებს 
ვრითმავდე 
სიკვდილთან მისასვლელ დღეებს
 

გვერდით ოთახში პერანგს აუთოებს დედა 
ხანგრძლივი თვალებით იატაკს ჩაჰყურებს 
მას ყველაფერი დაავიწყდა 
დაავიწყდა რომ მკვდარი ვარ და ყველაფერი მორჩა უკვე 
რომ მამაჩემის ძაძა ვერ მოირგო 
რომ ვეღარცერთი ჩემი ღიმილი ვერ მოინატრა 
ვის მოვუთხრო ჩემი სახლის ჩამქრალი ფანჯრები 

მე უფლება მაქვს ვირბინო შენსკენ 
ქანცგაწყვეტამდე 
სიყვარულამდე ვათეთრო შენსკენნათევი გზები 
დედა 
მიყვარხარ დედა 
რძისფერი კანი და მიწისფერი თვალები რომ გაქვს 
მიყვარხარ დედა 
მამა რომ მოკლეს მეც რომ მომკლეს და შენ მაინც ცოცხალი ხარ 
მიყვარხარ დედა 
ის ქალიც ჩემთან ვინც დაწვება 
ვინც შემიყვარებს და შემდეგ დედა რომ გახდება და 
მიყვარხარ დედა 
ყველა სიმღერა შენსკენ რომ მოდის 
ყველა ლოცვას რომ შენ ლოცულობ 
ყველა ფანჯრიდან შენ რომ ჩანხარ 
მიყვარხარ დედა 

მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი 
და ვეღარასდროს ვისურვო დაბადება 

მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი 
და ბნელ ოთახში ძველებურად ყვაოდნენ ქოთნის იები 
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი 
ვიდრე მომკლავდნენ 
ვიდრე აქ ვარ 
ვითომ ცოცხლად შენთან ერთად 
შენს საშოში 
მიყვარხარ დედა 

არაფერია უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული 
უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული

ჰხუხ

როგორც გრიშას, კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა, ჰქონდა დასაბურძგნი მეთოდი, დაახლოებით ისევე ვკითხულობ ამ ლექსს უკვე 1031347477923074 ედ 

და

მიხარია

:)

ვგრძნობ!

ე.ი. ვარსებობ............



No comments: